logo
ENG



"მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატის დაყენებას" - კალაძე გახარიასთან შეხვედრას ადასტურებს

01 სექ 202120:42
3 წუთის საკითხავი
 
თბილისის მერია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიორგი გახარიასთან შეხვედრას ადასტურებს და ამბობს, რომ ისინი ერთმანეთს თბილისის მერიაში შეხვდნენ.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, გახარიამ მას უთხრა, რომ თბილისის მერად საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებდა.

"შეხვედრა იყო. რამდენჯერმე იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვეს შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიით", - თქვა კალაძემ. 

მათ შეხვედრაზე დღეს ოცნების წარმომადგენლებიც საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ გახარიამ კალაძეს ფინანსური გარიგება შესთავაზა. კობახიძის თქმით, გახარია ოცნების გუნდისგან ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა. 

ჟურნალისტებმა კალაძეს ამის შესახებაც ჰკითხეს, იყო თუ არა ეს ის შეხვედრა, რაზეც მისი თანაგუნდელები საუბრობდნენ და შესთავაზა თუ არა გახარიამ კალაძეს გარიგება, რაზეც მოქმედმა მერმა პასუხი არ გასცა.

რაც შეეხება კითხვას, რას ფიქრობს გახარიას კანდიდატურაზე, კალაძე ამბობს, რომ კანდიდატებს არ აფასებს.

"ზოგადად, ერთ რამეს ვიტყვი, თბილისი და თბულისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს, დანარჩენი დაველოდოთ 2 ოქტომბრის არჩევნებს", - თქვა კალაძემ.

ინფორმაცია კალაძისა და გახარიას შეხვედრის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა ამას თბილისის მერი უარყოფა და ამბობდა, რომ ეს ინფორმაცია "სისულელეა". 

კალაძის და გახარიას შეხვედრაზე დღეს კომენტარები გააკეთეს ოცნების წარმომადგენლებმაც. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გახარიამ კალაძეს ფინანსური გარიგება დღეს შესთავაზა.

დღეს, 1 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული. 


close დახურვა